
წიგნის შესახებ
ანტრეპრენერებს მომავლის შესაძლებლობების შემჩნევისა და გამოყენების, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრისა და იდეების განხორციელების უნარები წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამ სახელმძღვანელოს მთავარი მიზანიც სწორედ ამ უნარების განვითარებაა.
მართალია, ანტრეპრენერის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ყველასთვის არაა, მაგრამ წარმატებისთვის პირად ცხოვრებაში, საკუთარ საქმესა თუ კორპორაციულ კარიერაში სამეწარმეო უნარები ყველას სჭირდება. რა ასაკისა და პროფესიისაც არ უნდა იყოთ, სამეწარმეო უნარები საკუთარი თავის პოვნასა და თვითრეალიზაციაში ძალიან დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, სახელმძღვანელო წარმოდგენას შეგიქმნით ანტრეპრენერის საქმიანობის შესახებ, დაგანახებთ მის წინაშე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
ჩვენი სურვილია, ბიზნეს იდეის შემუშავებისა და წამოწყების ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების, პრაქტიკული გზამკვლევებისა და სავარჯიშოების, ქართველი და უცხოელი მეწარმეების გამოცდილების გაზიარებით აგიმაღლოთ შემოქმედებითი თავდაჯერება და დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ.
სახელმძღვანელო ეფუძნება პროფესიული სასწავლებლის განახლებულ მეწარმეობის მოდულს, რომელიც ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს EntreComp- ის მიხედვით შემუშავდა. EntreComp ევროკომისიის ინიციატივით, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ხელშესაწყობად, რაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად. მთელს მსოფლიოში ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო აქტიურად გამოიყენება: განათლების პოლიტიკის შესამუშავებლად, საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად და საგანმანათლებლო რესურსების შესაფასებლად.
ეს სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში. LINKS ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.
ანტრეპრენერობის სახელმძღვანელო რეკომენდებულია მეწარმეობის სასწავლებლად პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. სააგენტოს მიზანია, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით.
სახელძღვანელო ინტერაქციული მულტიმედია ფორმატისაა და აერთიანებს ტექსტს, ვიდეო და აუდიო მასალებს და უფასოდ ვრცელდება პროფესიული განათლების უნარების სააგენტოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის ვებ- გვერდებზე.