მენიუ დახურვა

სახელმძღვანელო ხუთი ნაწილისგან შედგება. გთავაზობთ ხუთივე ნაწილის მოკლე მიმოხილვას.

ყოველ წელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სამსახურს და საკუთარ საქმეს იწყებს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ ტრადიციულ სამსახურზე და საკუთარს ქმნიან, მეტი თვითრეალიზაციის და საკუთარი თავის განკარგვის შესაძლებლობაა. შეიძლება ამ წამოწყების ბიძგი გამოუვალი მდგომარეობა ან უეცრად გაჩენილი შესაძლებლობა იყოს. ზოგჯერ პირველი ნაბიჯები ძირითადი საქმიანობის პარალელურად გადაიდგმება, ზოგჯერ კი ადამიანები თავით გადაეშვებიან ანტრეპრენერულ თავგადასავალში. ხშირად საკუთარი საქმე ბევრად უფრო შემოსავლიანია, — ზოგჯერ მეტი ფული თუ არა, სოციალური კაპიტალი ან თვითრეალიზაციის შეგრძნება მაინც მოაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევების თანახმად, წარმატებული თუ წარუმატებელი სამეწარმეო გამოცდილებების შემდეგ ადამიანების დიდ ნაწილს ვეღარ წარმოუდგენია ძველებულად ცხოვრება და მუშაობა. მათი აზროვნება, ღირებულებები, დამოკიდებულებები და ქცევა სამუდამოდ იცვლება.  

სამეწარმეო გამოცდილების ადამიანებს შესაძლებლობების შემჩნევისა და გამოყენების, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრისა და იდეების განხორციელების უნარები უყალიბდებათ. ასეთი ადამიანები ნებისმიერ კომპანიას სჭირდება. ყველა ქვეყანას სურს მათი მოქალაქეები თვითკმარები და დამოუკიდებლები იყვნენ, იოლად გაუმკლავდნენ პირად და საზოგადოებრივ პრობლემებს, ადვილად დასაქმდნენ და თავადაც შექმნან სამუშაო ადგილები. ყველა ვერ გახდება ანტრეპრენერი, თუმცა ანტრეპრენერის უნარები წარმატებისთვის ყველას სჭირდება.  

სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი სამი თავისგან შედგება:  

  • პირველ თავში განვიხილავთ ანტრეპრენერობის არსს, მიზნებს, ღირებულებებს და ამბიციებს.  
  • მეორე თავი მეწარმეების ტიპებსა და მათ გამოწვევებს აღწერს.  
  • მესამე თავში გავიაზრებთ სამეწარმეო კომპეტენციებს და იმ უნარებს, რაც ყველას გვჭირდება წარმატებისთვის. 

პირველი ნაწილის დასრულებისას თქვენ შეძლებთ: 

სწორად გაიაზროთ და კრიტიკულად შეაფასოთ: 

  • მეწარმეობის არსი, აზროვნების მოდელი, ფორმები, ღირებულებები და ცხოვრების

გამოწვევები 

  • საკუთარი სამეწარმეო კომპეტენციები
  • მეწარმეობის როლი ბიზნესის წარმატებაში და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესში
  • პროფესიული სასწავლებლის როლი მეწარმეობის განვითარებაში

დამოუკიდებლად შეიმუშაოთ: 

  • საკუთარი სამეწარმეო კომპეტენციების და განვითარების გეგმა

თუკი ადრე აწმყოზე რეფლექსია და მომავლის ჭვრეტა მხოლოდ კონკრეტულ სფეროსთან, სპეციალობებთან ან თანამდებობებთან ასოცირდებოდა, დღეს ინტუიციისა და წარმოსახვის უნარის განვითარება, რათა განსაზღვროთ მომავლის შესაძლებლობები, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება…  

ამ ნაწილის ამოცანაა სტუდენტებმა გლობალურ და ლოკალურ გარემოში გაიაზრონ კულტურული ცვლილებების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გავლენა ბიზნესზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, მოდაზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზე. განივითარონ ინტუიციის და წარმოსახვის უნარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება განსაზღვრონ ნებისმიერ სექტორში არსებული მომავლის შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ინფორმაცია წარმატებული იდეების განსახორციელებლად.  

სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი სამი თავისგან შედგება:  

  • მეოთხე თავი განიხილავს ტრენდს, როგორც მოვლენას; ტრენდის შემქმნელებს და ამტაცებლებს; საზოგადოებაში ტრენდის ათვისების დინამიკას.  
  • მეხუთე თავში ვსაუბრობთ შესაძლებლობების კვლევის მეთოდებზე, მათ შორის ეთნოგრაფიულ დაკვირვებაზე და ემპათიურ კვლევაზე.  
  • მეექვსე თავი ეთმობა მომავლის შესაძლებლობების განსაზღვრის ტექნიკებს.  

 

მეორე ნაწილის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:  

გაიაზროთ თუ როგორ ჩნდება და ვითარდება ტრენდი და შეისწავლოთ სოციალური დინამიკა, რომელიც ტრენდების ატაცებას და დამკვიდრებას უწყობს ხელს; გაეცნოთ ტრენდების კვლევის მეთოდოლოგიებს ტრენდის შესაძლო, სასურველი, სავარაუდო და მოსალოდნელი შედეგებისა და ეფექტების განსასაზღვრად;  

გამოიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენი იდეების განსახორციელებლად. 

მაინც როგორ ხდება, რომ ინოვატორები წარმოიდგენენ სრულიად ახალ, რადიკალურად განსხვავებულ გადაწყვეტებს, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მომხმარებლის ქცევას და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებულ ნორმებს? როგორ მოსდით ადამიანებს არაჩვეულებრივი იდეები? როგორ იღებენ შემოქმედებით ინსპირაციას?  

ბოლო წლებში ინოვაციის პროცესის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა. მაგალითად, უკვე ვიცით, რომ შემოქმედებითი იდეები ისეთ ქალაქებში, კამპუსებში, ორგანიზაციებში, ონლაინ პლათფორმებზე თუ ტექნოლოგიურ ჰაბებში ჩნდება, სადაც ინკლუზია, მრავალფეროვნება, კავშირების დამყარების კარგი შესაძლებლობები და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და თავისუფალი გარემოა.  

წარმატებული კომპანიები საზღვრებს ხსნიან და თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებლებს, მომწოდებლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, უნივერსიტეტებს თუ ონლაინ პლათფორმების აქტიურ წევრებს იწვევენ საკუთარი პროდუქტების და სერვისების შესაქმნელად.  

ინოვაციური ორგანიზაციები ცდილობენ მოაწყონ უფრო ღია, ინსპირაციული და ინტერაქციული სამუშაო გარემო, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ გამოხატონ თავიანთი აზრი, სცადონ ახალი რამ ან თუნდაც შეცდომა დაუშვან. მომხმარებლებზე ეთნოგრაფიული დაკვირვება და მათ მიმართ ემპათიის გამოვლენა პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.  

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინოვაციას ქმნის არა სისტემა, არამედ შემოქმედებითად აქტიური ადამიანი, რომელიც ამ სისტემასთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუკი გვსურს ინოვაციური იდეები გვქონდეს, პირველ რიგში საკუთარ შემოქმედებით თავდაჯერებაზე უნდა ვიმუშაოთ.  

სახელმძღვანელოს მესამე ნაწილი სამი თავისგან შედგება:  

  • მეშვიდე თავში ინოვაციის პროცესია განხილული.  
  • მერვე თავში პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის მეთოდოლოგიას, დიზაინ აზროვნებას დაეთმობა.  
  • მეცხრე თავში ვისაუბრებთ ქცევის მეცნიერების პრინციპებზე, რომელიც ანტრეპრენერს ღირებული შეთავაზების შემუშავებაში ეხმარება.  

მესამე ნაწილის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:  

  • განმარტოთ ინოვაციის არსი და მნიშვნელობა და გაიაზროთ ინოვაციის პროცესი;  
  • განსაზღვროთ მომხმარებლის საჭიროებები და მოთხოვნები ემპათიური კვლევის შედეგების საფუძველზე;  
  • განავითაროთ პროდუქტის/სერვისის ორიგინალური იდეები და შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური;  
  • შექმნათ მინიმალური სიცოცხლისუნარიანობის მქონე პროდუქტის /სერვისის პროტოტიპი შემდგმომი ტესტირებისთვის.

ნებისმიერი საქმიანობისთვის საჭიროა ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსი. რესურსების დაგეგმარება და მიზნების დასახვა კი ანტრეპრენერის წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა. სახელმძღვანელოს ამ ნაწილში იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზაციისთვის საჭირო უნარებზე ვიმუშავებთ.  

რადგან ორგანიზაციის წარმატება ადამიანებზე დგას, ადამიანების მართვის პროცესებს, დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც ერთიან ორგანიზაციულ კულტურას აყალიბებენ, ანტრეპრენერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  

ფინანსური ანგარიშგება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ბიზნესის წარსულის და სამომავლო საქმიანობის პროგნოზირებაში, ფინანსური მდგომარეობის და მომგებიანობის დადგენაში, ბიზნეს პროცესების დაგეგმვაში და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში.  

მეოთხე ნაწილი ორი თავისგან შედგება.  

  • მეათე თავი რესურსების მართვას და გამარტივებულ ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას ეთმობა  
  • მეთერთმეტე თავში კი ადამიანების მართვა და თვითეფექტურობაა განხილული  

მეოთხე ნაწილის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:  

  • განსაზღვროთ თქვენთვის საჭირო და ხელმისაწვდომი ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები და მოახდინოთ შეგროვებული მონაცემების ანალიზი  
  • დაადგინოთ იდეის განხორციელების ხარჯები და გადასახადები  
  • გაიაზროთ ანტრეპრენერისთვის ადამიანების მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები  
  • განსაზღვროთ ორგანიზაციული კულტურის შექმნის მექანიზმები თქვენს კომპანიაში 

არასტაბილურ, გაურკვეველ, რთულ და არაერთგვაროვან, ანუ VUCA (აბრივიატურა: volatility, uncertainty, complexity, ambiguity) სამყაროში სულ უფრო მეტი გამბედაობა და შორსმჭვრეტელობა გვჭირდება იმისთვის ჩვენი იდეები რეალობად ვაქციოთ.  

იდეის პრაქტიკულად განხორციელების უნარი ერთ ერთი უმნიშნველოვანესი ანტრეპრენერული უნარია. სინამდვილეში ანტრეპრენერული იდეები ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობის, ბუნდოვანების და მაღალი რისკის პირობებში უმეტესობას უჭირს.  

სახელმძღვანელოს წინა ნაწილებში შესაძლებლობის შემჩნევის, იდეების ვალიდაციის და საჭირო რესურსების იდენტიფიკაციის მეთოდები გვეხმარება ბაზარზე შესვლის სტრატეგიაზე მუშაობა დავიწყოთ. ამისთვის რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული: ვინ იქნება ჩემი იდეალური მომხმარებელი და როგორ დავუკავშირდები მას? როგორ გამოვიყენებ ტექნოლოგიებს? როგორი იდენტობა და კულტურა მინდა შევქმნა? და ვინ იქნებიან ჩემი კონკურენტები? ამ გადაწყვეტილებებს გარემოს სიღრმისეული ანალიზის შემდეგ უფრო ადვილად ვიღებთ.  

ამ ეტაპზე ჯერ ვფიქრობთ თუ რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას ჩვენი ორგანიზაცია და მხოლოდ შემდეგ ვსაზღვრავთ მყიდველზე ორიენტირებულ მარკეტინგის სტრატეგიას. ურთიერთობის სტრატეგიები, იქნება ეს სოციალურ მედიაში მომხმარებელთან, მედიასთან თუ პოტენციურ ინვესტორებთან ბიზნეს მოდელის განსაზღვრის შემდეგ შემუშავდება.  

სახელმძღვანელოს მეხუთე ნაწილი 6 თავისგან შედგება  

  • მე-12 თავში ანტრეპრენერული სტრატეგიის შემუშავების მეთოდებს განვიხილავთ  
  • მე-13 თავში ბიზნეს მოდელის ანატომიას ეხება  
  • მე-14 თავში ვსაზღვრავთ მყიდველზე ორიენტირებულ მარკეტინგის სტრატეგიას  
  • მე-15 თავში სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას განი- ხილავს.  
  • მე-16 თავში სტრატეგიული კომუნიკაციები როგორც მედიასთან, ასევე პოტენციურ ინვესტო- რებთან ურთიერთობის ტექნიკებს გვასწავლის.  
  • მე-17 თავში მეწარმეობის სამართლებრივ ფორმებს მიმოიხილავს.  

მეხუთე ნაწილის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:  

  • განსაზღვროთ რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას თქვენი ორგანიზაცია და შეიმუშავოთ ბიზნეს-მოდელი  
  • გააანალიზოთ სამომხმარებლო ბაზარი, გარემოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე  
  • შეიმუშავოთ სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგია  
  • კრიტიკულად გაიაზროთ მეწარმის სამართლებრივი ფორმების თავისებურებები